გამარჯობა ჯიმშერ

ეს პატარა ჩანაწერი რამდენიმე წლის წინ დავწერე.დღესაც აქტუალურია ჯიმშერიზმის თემა.
გამარჯობა ჯიმშერ !
სხვები შეიძლება ალტერ-ეგოთი მოგმართავენ ან გონებაში ჩამჯდარ საბჭოთა მეტასტაზებს გიწოდებენ ….პირობითად,ასე მოგნათლავ:)
ძალიან კაპრიზული ხარ, ზარმაცი ….
რაც მთავარია, განვითარების შესაძლებლობას არ იძლევი. პროფესიონალიზმი არ გიყვარს, კერპობა გინდა და თან კერპებს ეძებ. მოკლედ, ნარცისიზმის აპოლოგეტი ბრძანდები.
ჯიმშერ, გახსოვს ისტორიის წიგნისაკენ რომ მიბიძგებდი?
„ დიდი ისტორიული წარსულიო“, „მებრძოლი ერიო“ …ჰმ,შენ რა გითხარი ……
წავიკითხე და აღმოვაჩინე, თუ რაოდენ წარმოსახვითია ეს  სამყარო. “მატიანის ტექსტების” სამყაროში “გარნისის” პერიპეტიებიც ღიად ჩანს, თან “მსოფლიო ისტორიის” წიგნებიც დესერტად დავაყოლე და თურმე ერთი საინტერესო,მაგრამ ჩვეულობრივი ხალხის ნაწილი ვყოფილვარ.
 ჰმ, ვეღარ მოგვატყუილებდი, ფირფიტა მოაბრუნე,“1000 ქართულ სირცხვილზე“ ალაპარაკდი.
ვაი შენს პატრონს, შე უბედურო….
დიდგორის ომი ხომ ნამდვილად მოხდა, ვაჟკაცი ქართველებიც ხომ იყვნენ ?
ეჰ ჯიმშერ,ჯიმშერ…..
მითებისაკენ გაქვს მიდრეკილება, არ შეგიძლია წყაროების შეჯერება და ობიექტური დასკვნების გაკეთება.
ჭეშმარიტება უკიდურესობების მხარეს თითქმის არასოდეს არაა. ყველა უკიდურესობა ერთ ნიადაგს ემყარება-გაუცნობიერებლობას.
ტრადიციებიო, ქართველობა დავიცვათო, ტვინში ჩიპი ბუა მასონებმა არ ჩაგვიდონ, თორემ ყველაფერს დავკარგავთო.
დადუმდი რა ….
ტრადიცია ღირებული მაშინაა, თუ კონკურენციის არ ეშინია, სიახლეს არ გაურბის. უნდა  ექვემდებარებოდეს  ახალ დროებასთან ადაპტაციას.
ფარისევლობაა შენი სადღეგრძელოები,სიცრუე,რომელიც ადვილად ქარწყლდება.
მიყვარს ბახუსი, მხოლოდ ზომიერად .მიყვარს ისტორიული მასალების გაცნობა,მაგრამ წასაკითხად, გასააზრებლად და არა მათგან ზღაპრების შესათხზობად.
ჯიმშერ, ვიცი შენც კი არ მოგწონდა საბჭოთა კავშირი….
 ჩარჩოებში ჩაკეტვა და წითელი ცენზურა რა მოსაწონია?!შენი „უქარქაშო ხმლები“ ამ ზიზღს ერთ ეტაპზე კიდევაც ებრძოდა, მაგრამ ნელ-ნელა ეს ზღაპრები ჯანსაღი გონებისათვის მავნებელი გახდა, რადგანაც ტვინს იზოლაციონისტური მიდრეკილებებისკენ უბიძგებდა.
ჯიმშერების რევოლუციად აქციეთ სსრკდან განთავისუფლების ეპოქა.  ჩვენ მხოლოდ საბჭოთა უგემოვნების თავიდან მოშორება გვინდოდა, მაგრამ თქვენმა გავლენამ მძიმე იდოლოგიური ბექგრაუნდი შექმნა, რომელიც ბოლშევიზმის ნაყოფი იყო.
 სად მივედით? ისევ იქ საიდანაც მოვედით.
ერთ წრეზე დავდივართ და ამაში დამნაშავე ქართველთა გონებაში  ჩასახლებული პატარა სტიგმებია, რომელსაც რეალურ პატრიოტიზმთან საერთო არ აქვს.
ძალიან გიყვარს ილია ჭავჭავაძე, არა?
ქართველობის სიყვარული ამით ისწავლეო. ჰეჰე, მართლა გენიოსი იყო, რადგანაც შენ გხედავდა , სამშობლოს სადღეგრძელოების მაგივრად პრაქტიკულ საქმიანობაზე ჰქონდა აქცენტი, მისი აზრები კი ზუსტად ლუარსაბული ფილოსოფიის წინააღმდეგი იყო , საერთო კარგახსნილობის მომხრე.
წმინდა ილია მართალიო…
შეეშვით მის სახელს, ნუ ითვისებთ ამ გზით.მოკვდავი გახლდათ თავისი სისუსტეებით და ზუსტად ამით გახდა ახალი საქართველოს შექმნის იდეის ავტორი, რომელიც ლუარსაბებმა და ჯიმშერებმა საკუთარ თავში ჩაკეტეთ.
ბოლო დროს ეკლესიას მიეძალე. ამ მასიური იმედგაცრუებით გაწამებულებმა  რელიგიაში დაიწყო ხალხმა  შვების ძიება.შენ ცდილობ მათ გონიერებაში ჩაძვრე და „გააქვაკუთხედო“  ჩვენი ფილოსოფია.
 წადი რა… დაიკარგე ,შენი დრო უნდა გავიდეს . დასანგრევი იქნება ყველა ის ტაძარი ,რომელშიც შენი აზროვნება იქნება გამეფებული.
კონფორმისტი ხარ და საკუთარ სისუსტეებს ადამიანების წარმოსახვაში ჰპოულობ……
უი ჯეკ …..შენი დედაც…..
აქ რა გინდა ?
შენ  ვინღა ხარ?
„ბანძი ქართველი ერიო“,“ არაფერში ვარგივართო და კერპებს რახან ვექვემდებარებით, უმჯობესია ისევ  ჩვენ ვმართოთო, ჩვენ ხომ „ევროპეისკი“ ელიტა ვართ …ისინი კი “ეს ხალხი”,  „აუ გრუზინები“,”პრავასლავნიკები ….
ჯიმშერს აგინებ ?
მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მაშინ შენი ტელევიზიები მის ინსტინქტებს რატომ აძლიერებს ჩვენში?
ღია ჯიმშერული „სახალხო კრების“  უზნეო მეთოდებით დამარცხებით ხალისობ და კონფორმისტული აურა კი გიხარია.
ა, შენ ჩამოკიდე წარწერა…
„საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი….წყარო: “მსოფლიო ბანკი“?!
ერიჰა…..
 მე ვთქვი რა ხდება,საიდან მოვიდა ეს  ჯეკი-თქო.
უცებ ვერ გიცანი ჯიმშერ.
 სნობის კოსტუმში გამოწყობილი ,ერთი შეხედვით, სხვაგვარად გამოიყურები ,მაგრამ ასე ადვილად ვერ დაიმალები. იგივე სულელი ხარ, რაც იყავი. ჰომო სოვეტიკუსი,რომელიც უნდა გადაშენდეს ჩვენი გონიერებიდან.
არაფერი  ზემაგიური ამისათვის საჭირო არაა, მივყვეთ მსოფლიო განვითარების დინებას, ჰორიზონტი უკეთესად დავინახოთ და დავივიწყოთ ჯიმშერული ზღაპრები.
ძლიერი ხარ შე ოხერო, ძალიან ძლიერი, მაგრამ თუ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა საკუთარი ჯიმშერები მოიგერია,აუცილებლად ეს ჩვენც უნდა მოვახერხოთ,თუმცა შენი  განდევნა  შოკით შეუძლებელია.
შევიცვლებით? თავისით წავხვალ  და დაიკარგები უკვალოდ,ხოლო ჯეკი,შრეკი თუ სხვა ნიღბები შენი  სახეებია ……სხვა არაფერი
იმედია მალე დაგვემშვიდობები და ამას ეს ქვეყანაც  შეძლებს
ნაკლები პატივისცემით:
ალოანთ ლაშა
Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა