პატარა პარიზთან


ჩემს მუნიციპალიტეტს თავისი მიზიდულობის ძალა აქვს.
დედამიწის ზურგზე არანაირი ემოცია არ არსებობს, რომ ეს მაგნიტური ზემოქმედება აღვწერო.
პათეტიკის გარეშე ასეა….
უბრალოდ <3  ჩხოროწყუ …. პატარა “პარიზი” :D

თბილისელი გახლავართ: დიდუბეში დავიბადე და დიდ დიღომში ვბერდები….
გონებით კი სულ იქ ვარ, ფიქრს ბებიაჩემის დანატოვარ ოდაში მივყავარ. ვდარდობ მობერებულ “კარალიოკის” ხეზე თუ დანგრეული ღობის პრობლემების მოსაგვარებლად მინდა როგორმე მოვიცალო.


(ჩემი მეგრელი და თბილისელი ბებიები )

ბებია

ამ გრძნობის საწყისი ეს სასწაული ადამიანი გახლდათ. ჩვეულობრივი ქალბატონი, სესილიას და სხვა მსახიობების მიერ გაცოცხლებული ქართველი სოფლელი ბებოს რეალური სახე….

ცუდი ჩვევა ქონდა…
ქათამს როდესაც დაკლავდა, გემრიელ ნაჭრებს არასოდეს ეტანებოდა. მარტო დაკლული ფრინველის თავს აიღებდა.დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ მას ხორცის ეს ნაწილი უყვარდა.

არა, ასე არ იყო.
დაქვრივებულმა შვილები მარტო გაზარდა. იმ პერიოდიდან გამოყვა მომჭირნეობა.

როცა წამოვიზარდე, ვუბრაზდებოდი, მაგრამ ჩვევა ბოლომდე არ შეიცვალა. ცუდი დრო ყველას დაღს გვასვამს….

ჩემი ფორუმული ნიკი მის პროფესიას “მაგონებს” . პენსიაზე გასვლამდე სოფლის ტელეფონისტი იყო :D
“ივერიის ” ცნობილი ფრაზა “გავარიტე ს ჩხოროწყუ” რეალურად, მილიარდჯერ გამიგია. კაბინეტში რაღაც სატრიალებელი აპარატი ქონდა, იმით ხდებოდა კონტაქტი.

ბებია საჭმელს არასოდეს მაძალებდა. თუ ჭიაკოკონობაზე ან სადმე გვიანობამდე შემოვრჩებოდი, მკითხავდა “ხომ არ მშიოდა”, უარს ვიტყოდი, ჩუმად დაიძინებდა. მაგიდაზე კი გემრიელი საჭმელი ელაგა, სუნის ეფექტი თავის საქმეს აკეთებდა :D
თუ არ მშიოდა, დილისათვის მშვიდად აალაგებდა.

ბავშვების ფსიქოლოგიაში კარგად ერკვეოდა,ერთი ხმამაღალი შენიშვნა არ მახსოვს.
წინა მაგალითის მსგავს მახეებს გვიგებდა მისი საკმაოდ პრინციპული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად-ლიბერალიზმი შეჯერებული კანონიერების აუცილებელ, მკაცრ დაცვასთან. :D

ზედმეტი “ლაქუცი” არ უყვარდა, პატარაობისას, ღამე როდესაც მძინავდა, მკოცნიდა და მკოცნიდა. მეც ვითომ ვერ ვგრძნობდი, ბავშვურად გავინაბებოდი. ზოგჯერ, თუ თბილად გადამეხვეოდა,ეს იყო წარმოუდგენელი სიყვარული, რასაც შვილიშვილებს თანაბრად გვინაწილებდა …ერთის გარდა. ის მისთვის ანგელოზად დარჩა…

უფროსი შვილიშვილი ოდაში გაზრდილი ნარგიზა იყო. ექიმებმა გაჩენისთავე სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. მათივე კატეგორიული მოთხოვნით ხაბუმეში გადაიყვანეს. ბებომ მოახერხა, უძლურ ავადმყოფს ღიმილიანი 3 ათეული წელი აჩუქა. მეტი ფიზიკურად შეუძლებელი ყოფილა….

მისმა წასვლამ დაასუსტა ძლიერი ქალი. ამიტომ ოჯახი მასთან მე მაგზავნიდა, მეც მეტი რა მინდოდა, ვიყავი როგორც თევზი წყალში- უმცროსი შვილიშვილი სასიამოვნო გარემოში.

“მაროსთან” თვეობით ვრჩებოდი, არასოდეს მომბეზრებია მოხუცი ქალბატონის გვერდზე ყოფნა. ბოლო წლებში ჯამრთელობა სულ შეერყა, არადა სტუმრიანობა არ გვაკლდა. 12 ვოლტიან ტელევიზორის სანახავად რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბებოდა. მხოლოდ მე ვიცოდი, თუ რა საშინელ დისკომფორტში იყო .

შევუთანხმდი, ღამის პირველ საათამდე გვქონდა ხმაურის უფლება, მერე ტელევიზორს ვთიშავდი. არა,სტუმრებს მისივე მოთხოვნით ვერაფერს ვეტყოდით, “მათი ხმა მიხარიაო, უბრალოდ ნუ დააღამებთ შვილებო”-ეს იყო მისი მორიგი დიპლომატიური ბრძანება,რომლის შედეგადაც შედგა გონივრული “კონსენსუსი”.

აჟიოტაჟისგან დასვენებულს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა მიყვარდა, მშვიდი აურა, სუფთა ჰაერი და გარეთ ზაფხულის ჩუმი სუნთქვა გაჯერებული ხობისწყლის ექოთი.

ბოლოს თითქმის წელიწადი გავჩერდი ხაბუმეში, ზამთარში საქმეზე გამომიძახეს. დამშვიდობება დაუვიწყარი გახლდათ. კატეგორიულად მომთხოვა არ მოვბუნებულიყავი, გულმა არ გამიძლო, ჩავეხუტე. თვალცრემლიანი დამემშვიდობა “პატარა” მარო. ( მეორე ბებია ასაკით უფროსი გახლდათ და მასაც მარიამი, შვილიშვილებისთვის “დიდი მარო” ერქვა” . )

მეზობელო კარისაო
– ჩამოვიდნენ,ჩამოვიდნენ….
-სად ხართ დაკარგული ამდენი ხანი? სახლი გაგისუფთავეთ, ბზიკები იყო იმდენი, მაიამ ყოფა უტირა,ის ხე გახმა, მოვჭერით,შევინახეთ
– აუ მერაბ, დამასვენე ახლა. ნუ შემჭამ აქაური პრობლემებით. ხომ კარგად ხართ? ნუცა, გუტი ბიძია როგორ არიან?
-რა უჭირთ ? არიან რა. მოხუცდნენ. გვალვამ ყურძენი გაგვიფუჭა. ეჰ…
– კარგი ახლა, ცოტათი მოვწესრიგდები და მერე ვიჭორავოთ.
მერაბი ჩემი გაჭირვების წალკვესია. ძმა ვუწოდო? მეგობარი? მეზობელი? არ ვიცი. იქაურობას მისი ოჯახი პატრონობს. ჩასვლისთანავე ყველაფერი გაკრიალებული მხვდება. ყურადღება ერთი წამით არ მაკლდება.

ცოტა ხანში მეორე ოჯახიდან ბედიშა მორბის, მუდმივად საყვედურებით, მეგრულად “თბილ” სიტყვებსაც არ მაკლებს,თან “სკან გოლუაფირო” მეფერება. დედაჩემის თაობაა, ახლა ისაა თავისი შვილიშვილებისათვის სესილიას გმირის განსახიერება. ჩვენი ნათესავები არიან. სანამ სახლს ააშენებდნენ, ჩვენთან ცხოვრობდნენ.

სახელით რატომ ვიხსენიებ?
ასე ვართ სულ. ერთხელ დავუძახე ბედიშა ბიცო და წამოვიდა ცოცხი ჩემი მიმართულებით. ახლა ავადაა, გული ტკივა. ყოველდღე მასზეც ვფიქრობ. ჩემი ხაბუმელი ბოსია, ბიძაშვილების დედა. ცხოვრებამ ყველას თავისი გზა მისცა,ოჯახები ყავთ, თავიანთი შვილები და შვილიშვილი. პერიოდულად აკითხავენ, თან მირეკავენ”შენს იმედზე ვართო” ბედიშა სახლს არ ტოვებს, “ვერ შევეგუები ქალაქის ცხოვრებასო”.

– თოხლი რა გაქვს “ბედული”?
-თოხლი კი არა ჩაგარტყავ ახლა რაღაცას თავში. პირი მაინც დაიბანე ბიჭო, სულ საჭმელზე როგორ უნდა ფიქრობდე?-მისთვის კიდევ პატარა ვარ.მეც ძველებურად ვბავშვდები ბედიშას გარემოცვაში..

ძალიან მიყვარს მისი მომზადებული სადილი.იფ,იფ,იფ… გოგოებიც კარგი მზარეულები არიან. შვილიშვილმა კი ყველა გაგვახარა, სახელმწიფო გამოცდაზე უმაღლესი ქულები აიღო. თუ იქ დამხვდა, იცის, ცივი წყალი ძალიან მიყვარს და მაშაყირებს, სავსე “ვედროს” დამიდგავს ხოლმე წინ.”შენი ხასიათი რომ ვიცი სულ გამოცლი და “მგონი” ეს გეყოფაო :D

ცოტა ხანში მეგობრებიც მოდიან . “იხსნება პარლამენტი” -იტყვიან და სტუმრიანობა,როგორც ყველა იქაურ სახლში, მეც არ მაკლია. :)
“სოლიდარულობა”- ეს ის გრძნობა,რაც დროს არ ექვემდებარება. ცუდიც ხდება, კარგიც, თუმცა სოფელს მეზობლობით გააქვს დღემდე თავი. თუ ვინმე ამ ემოციას უარყოფს, ის დაკარგავს კავშირს საკუთარ თავთან, ვერასდროს იგრძნობს ურთიერთდახმარების დიდ ეფექტს .საბაზრო ეკონომიკის პრინციპები დიდი ხანია დამკვიდრდა, რაც ხელს არ უშლის კარგი ტრადიციულად დარჩეს.


ხობისწყალი
ჩამოსვლისთანავე, რამდენიმე საათში მდინარესთან ჩავდივარ. ატყდება ჩვეულობრივი ამბავი კლასიკური მოკითხვა, საყვედურები უცოლობასთან დაკავშირებით. ბოლოს პოლიტიკა…..

სტუდენტობისას ხშირად გვიკამათია. ფორუმი იმასთან შედარებით პატარა სიზმარია. :) ბოლოს სასმელთან მთავრდებოდა ჩვენი ბჭობა ან სადმე კარტის თამაშს დავიწყებდით.
პუტჩისტებმა ყველაფერი ააოხრეს. საშინელი შეგრძნება იყო მაშინ იქ ყოფნა. ერთი ჩამოსვლისას იკარუსმა სამტრედიაში გააჩერა , მხედრიონელები ძაღლს “ზვიადას” ეძახდნენ, ფეხით გავიარეთ ხიდი ,იქ კი ისეთივე ჩაცმული ბიჭები, ისეთივე ძაღლით ოღონდ სახელით “ედიკა” დაგვხვდა.

რეგიონმა უამრავი მსხვერპლი ნახა. საშინელ ისტორიებს მოვესწარი თუ გავიგე. აღარც მინდა გავიხსენო….

ახლა პოლიტიკაზე თითქმის აღარ ვსაუბრობთ. მე კატეგორიულად ვერიდები. მხოლოდ ვუსმენ. ნაწილი ხელისუფლებას ემხრობა, ნაწილი სასტიკად კრიტიკულადაა განწყობილი. როგორც წესი, გამოვექცევი და მდინარის მორევში ვპოვებ შვებას.
ძალიან სუფთაა ხობწყარი.

ლუგელას ხეობის გაჩეხვამ ნაკადი საგრძნობლად შეამცირა,თუმცა ბებერი ტალღები ძველებურად სასიამოვნოდ მოედინება. ადრე ბავშვობაში მეორე ადგილას, სქურჩაში ვბანაობდით. ახლა დალპა.ჩემი ოდა ერთგვარ “შუამდინარეთშია” სქურჩა ხობის შენაკადია.

ყოველწლიურად კალაპოტი იცვლება,არავინ იცის შემდეგ როგორ იქნება. არასოდეს დავბერდები ისე , რომ იქ ბანაობის ხალისი მომბეზრდეს. ძალას იძლევა, რაღაც მაგიურ, გამოუცნობ ძალას….

ჩემი ერთი თავგადასავალი
რამდენიმე წლის წინ სტუმრები მეწვივნენ და ტრადიციულად დილამდე გაგრძელდა ჩვენებური ქეიფი. მათი წასვლის შემდეგ ნასვამმა დასვენება გადავწყვიტე , მუთაქაზე თავი დავდევი თუ არა…… …ვაი….. ღორების ღრუტუნი შემომესმა.

სურათი წარღვნას გავდა. ოცამდე ღორი ღიად დარჩენილი ჭიშკრიდან „შემოიჭრა“ და გემრიელად შეექცეოდნენ ჩემს თხილს. :D

რა მექნა ? ავიღე ჯოხი, უმრავლესობა გავყარე,მაგრამ ერთი „ბურვაკი“ ვერაფრით ვერ მოვიცილე . ნახევარი საათი დევნის შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე მისი თავი ტაფაზე მენახა!!

იარაღი შევცვალე , ნაჯახზე გადავედი :D და აქ დაიწყო ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი… :)))))

ჯერ გათენებული არ იყო და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ჩემს გარდა ვინმე სულიერს ეღვიძა, თან ჭაჭის ძალაც მოქმედებდა ….

ამიტომ თამამად დავიწყე გინება .წარმოიდგინეთ სურათი : ეკლიან ღობესთან საშუალო ასაკის კაცი ნაჯახით ხელში მწარედ იგინება.
ტექსტი ?
-მოდი აქ შენი დედა ########-ამ დროს ერთი პატიოსანი გლეხი კაცი ზუსტად ჩემს ეზოსთან გაჩერდა , დამაკვირდა, ღორი კი ცოტა მოშორებით დადგა, თან მემალებოდა,თან შორიდან მიყურებდა ….

-რას მომშტერებიხარ შე შობელძაღლო. იცოდე , თავს წაგაძრობ ….

კაცი შეცბა, სათვალე გაისწორა, ნელი ნაბიჯებით გაცლა გადაწყვიტა ….პარალელურად ღორიც გამირბოდა. -ა , მიიპარები?! იცოდე ჩემი წერა უნდა გახდე!!!! კაცმაც „ ეს თბილისელი შეიშალაო“ და მთელი სიჩქარით მოკურცხლა …ჰმ, ღორიც გამექცა, არ მოინდომა ჩემს ტაფაზე გორაობა :|

-გაიქეცი ?! დაგეწევი , დედას ###### ცოცხალი ვერ გადამირჩები, შენი ხორცი უნდა ვჭამო “-ეს იყო და მეზობლის სახლიდან შემომესმა სიცილის ხმა. ამდენი ხანი თურმე სიტუაციას აკვირდებოდნენ და არ უშლიდნენ ხელს „მოვლენების განვითარებას“.ვიფიქრე , დამერხა , მორჩა, მოვხდი ხაბუმის ფარულ კამერაში . :(
გაკვეთილი 1 – დაკეტეთ ჭიშკარი;
გაკვეთილი 2 – არ დალიოთ ბევრი ;
გაკვეთილი 3 – სოფელში უფრო მეტი დრო გაატარეთ , ასეთ სიტუაციაც კი გონებაში ტკბილად აისახება ))))))))
გაკვეთილი 4-ცხოვრება მაინც მშვენიერია ;).

არ გაგიკვირდეთ, შემდეგშიც ხშირად ვიმოგზაურებ ჩხოროწყუში. დღეისათვის კი კმარა. მადლობა თუ ჩანაწერის დასრულება ბოლომდე მოახერხეთ….

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა