მთავარი გვერდი პერსონალური ბლოგებილაშას დღიური შენ გელი დარდში და ავდარში …

შენ გელი დარდში და ავდარში …

ბლოგერი: Lasha_Mebonia

დედაჩემს თავისი ძველი ისტორიების მოყოლა უყვარდა. მისი ცხოვრება თითქოს მასთან ერთად გამოვიარე. ….

განვიცადეთ, თუ როგორ დაკარგა თავისი ლექსების კრებული, როდესაც მასწავლებელმა გამოართვა და უკან არ დაუბრუნა….

იზა ელოშვილი 1963 წელი

როგორ ბრუნდებოდა სკოლიდან ფეხით ვაკეში…

დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჯარისკაცების სასროლეთში ტყვიებს ნახულობდა. ახსოვდა ძაღლი “ლომა”….. დაავადებულა ცუგა და სახლიდან წაუყვანიათ.

და-ძმების მიმართ ენით გამოუხატავი სიყვარული ქონდა…. სახუმარო ამბებიც არ მაკლდა, ელოშვილებს ხომ იუმორის გამორჩეული გრძნობა აქვთ. უკვე ხანში შესულ უმცროს ძმას “დემურიკოთი” მოიხსენიებდა და მის სურათებს გულში იკრავდა.

ელოშვილები დედასთან ერთად

მუშაობის პერიოდში მასთან ვინ არ შემოდიოდა. ყველა მათგანი თითქოს ჩემს წინ დგას…. ქუჩაში ოთარ რამიშვილი გიტარით სეირნობს და მისი კლასელი რომან რურუა კი ოლიმპიური ჩემპიონი კი არა, ერთი კეთილი ცელქი ბავშვია.

რეზო და იზა

მამა? მათი სიყვარული ზღაპარს გავდა, თითქოს კავალერი შეყვარებულის გულის მოგებას ცდილობდა, დედოფალი კი ქალური სინაზით ეტრფოდა, პატრონობდა ჯენტლმენს და ცივ ნიავს არ აკარებდა. ეს იყო 55წლიანი ლამაზი და ტკბილი სიყვარულის არაბანალური ამბავი ზედმეტი პათეტიკის, გადაპრანჭული სიტყვების გარეშე… ერთი ქაღალდის ნაგლეჯი შემთხვევით, ფურცლებში ვნახე, სადაც მამა დედას სიყვარულს უხსნის, ქალნატონი საპასუხოდ იგივე ქაღალდზე პასუხობს და ეხუმრება. ისხდნენ გვრიტები ქუჩაში და ამ ტიპის მიმოწერით ერთობოდნენ. ფურცელი კი შეინახეს.

ვაკელმა გოგომ სოფლელი ხაბუმელი ბიჭი შეიყვარა და მშობლებს კი გაქცევით დაემუქრა, თუ ნებას არ დართავდნენ. ბაბუას მათი ურთიერთობა მშვიდად მიუღია.”თქვენი საქმე თვითონ უნდა გადაწყვიტოთო” და სიძე შვილად მოხევური წრფელი გულით აღიარა.

ანდრო ელოშვილი სტუმრად კაკა ჯალაღონიას ოჯახში

ჩემს არქივში “იქაური და აქაური” ბაბუების ძმაკაცური შეხვედრის ფოტოცაა…. ასე გაერთიანდა თბილისი, ხევი და ჩხოროწყუ ჩემში.

დედა სიმღერის გარეშე წარმოუდგენელია. სულ ზეპირად ვიცი ლილი გეგელიას, მედეა ძიძიგურის, ივ მონტანის, მერი შიდლერის რეპერტუარი. დადიოდა ოთახებში ცოცხით ხელში და ტკბილად მღეროდა სახლის ბულბული. წარმოიდგინეთ, კარადის თავს ნაჭრით როდესაც ასუფთავებდა, ღიღინებდა,…. ” შენ გელი დარდში და ავდარში, შენ გელი სუსხიან ზამთარში. გამოდი, გამოდი….” ე.წ გორკის კლუბში, ბავშვების სექციაში ჩაწერილა, მაგრამ პროფესიულ კარიერას ვერ მიყვა, ისე როგორც თვალების სპეციფიურმა დაავადებამ სამხატვრო ნიჭის გამოვლენა არ აცალა.

ამაშიც ძალიან ნიჭიერი იყო….მშვენივრად ხატავდა, მაგრამ არ ეცალა, ჩვენ.გვივლიდა 🙁 ბოლო წელი ჯანმრთელობა ძალიან შეელახა. მეუღლე ემსახურებოდა, ჩაის უდუღებდა..

ოოო, იზა ნაყინის გარეშე? მისი გულის მოგება ოჯახის წევრებს ასე შეგვეძლო. უყვარდა ეზოში ჩასვლა, ქალებთან საუბარი….ძალიან.განიცდიდა, როცა გადაადგილების უნარი შეეზღუდა, თუმცა ჩვენი მეშვეობით სკამზე დასკუპდებოდა და მოსაუბრეს ელოდებოდა. არ უყვარდა ჩემი ხანგრძლივი სოფელში ყოფნა. მებუტებოდა და მაინც მეფერებოდა.

მას ხომ სამივე შვილი გვერდით უნდოდა. მერე რა რომ ნახევარი საუკუნეზე მეტი ხნის არიან. განა დედის გულისთვის ეს ბარიერია?

ბოლოს რეანიმაციის საშინელ ოთახში ვნახე. ექიმებმა მისი წამოყენება.მთხოვეს, დამიჯერა და სევდიანი თვალებით შემომხედა. გამართული ლაპარაკი აღარ შეეძლო, თუმცა შევატყვე, ექთნებს მაინც გაუმხილა თავისი ისტორიები. “

ბებო, ეს კაცი ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო? ექიმის კითხვაზე დედამ გამომხედა ….”ინტილიგენტური” უპასუხა…. იმის შემდეგ ყველანი ველოდით……სიკვდილს და თან სასწაულს….

ასე დამთავრდა დედის ისტორიები და წიგნიც დაიკეტა. მე კი მის კუბოსთან სევდიანად წავიმღერე “შენ გელი დარდში და ავდარში, შენ გელი სუსხიან ზამთარში” ის ხომ ჩემშია და ასე იქნება მისი ისტორიები და საყვარელი სიმღერები ჩემთან ერთად ….მეც მიყვარს ისტორიების მოყოლა, ისე, უბრალოდ, რაიმე მხატვრული მიზნების გარეშე…ეს დედის გენია…….

0 კომენტარი:
0

Related Posts