მთავარი გვერდი საინტერესო ადიგენი

ადიგენი

ბლოგერი: Lasha_Mebonia

მონაცემები კოპირებულია adigeni.ge
ადიგენის რაიონის ფართობი 79953 ჰექტარს შეადგენს. რაიონი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში ახალციხის დასავლეთ ნაწილში და შედის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია – დაბა ადიგენი. დასავლეთით მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩრდილოეთით – ჩოხატაურის, ვანის და ბაღდადის რაიონები, აღმოსავლეთით – ახალციხის რაიონი, ხოლო სამხრეთით თურქეთის რესპუბლიკა ესაზღვრება. გოდერძის უღელტეხილით რაიონი უკავშირდება ქალაქ ბათუმს (140 კმ), ხოლო ზეკარის უღელტეხილით ქ. ქუთაისს (100კმ). ქ. თბილისამდე მანძილი 235 კმ-ია.

რაიონის ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი ნაწილები მთაგორიანია. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობებს, დასავლეთი – არსიანის ქედს, სამხრეთი ნაწილი მოიცავს ერუშეთის ქედის სუსტად დანაწევრებულ ჩრდილო ფერდობს. მუნიციპალიტეტი მოიცავს ორ ურბანულ დასახლებას: დაბა ადიგენი, რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის ცენტრს წარმოადგენს და კურორტი აბასთუმანი. მუნიციპალიტეტში არის 55 სოფელი. ყველა დასახლება გაერთიანებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის 15 ტერიტორიულ ერთეულში.

ადიგენი საკმაოდ მდიდარია მინერალური რესურსებით. მუნიციპალიტეტში არის თიხა და ბაზალტი, თიხის მოპოვება ფაქტობრივად არ ხორციელდება, ხოლო ბაზალტის მოპოვება ხდება მცირე რაოდენობით. აბასთუმანში არის ბუნებრივი გოგირდოვანი თბილი წყლების დიდი მარაგი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია ტყით, რომელსაც მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. აქვე მოიპოვება მინერალური წყალი ,,ფლატე“. სასარგებლო წიაღისეულიდან მნიშვნელოვანია: ფლატის, ღაღვის მინერალური წყლები, აბასთუმნის, ჩორჩნის, სმადის თერმული წყლები.

რაიონის ფარგლებში მოქცეულია ახალციხის მურა ნახშირის საბადოს ერთი მონაკვეთი, რომელიც არ მუშავდება.
რაიონის ტერიტორია მოიცავს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილს და მის მოსაზღვრე ქედების კალთებს. რაიონის ჩრდილოეთი მთაგორიანი ნაწილი აგებულია ვულკანუგენური ტუფების წყებით. სამხრეთი (გოდერძის უღელტეხილი) ანდეზიტ-ბაზალტებით და ტუფებით, დასავლეთი ნაწილი ფერადი თიხებით, ქვიშა-ქვებითა და ანდეზიტ-ბაზალტებით. მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ ფართო ზოლად ვრცელდება ტრაქიტები, თიხები და ქვიშა-ქვები, ხოლო მდინარის ქვემოდინებაში ახალგაზრდა ალუვიური ნალექები. რაიონში ზამთარი ცივია, ზაფხული – თბილი და ხანმოკლე. ნალექების რაოდენობა წელიწადში 594-688 მმ-ია.
რაიონის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ქსეროფიტული მცენარეულობა, რომელსაც გორაკ-ბორცოვან ზონაში მუხნარი ცვლის. მთის ფერდობები მეტწილად დაფარულია ტყით, ქვედა სარტყელში განვითარებულია შერეული ტყე, სადაც მუხა და რცხილა სჭარბობს, უფრო ზევით გავრცელებულია წიწვნარი ჯიშის ფიჭვი, სოჭი და ნაძვი. 2000 მ ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. ტყეებს დიდი საკურორტო და ნაიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს.
რაიონში გავრცელებული ძირითადი ლანდშაფტია: 1. ქვაბულის ტერასული ძირი მთის სტეპური მცენარეულობით, რუხი ყავისფერი ნიადაგებით. 2. საშუალო მთები ტყის ყავისფერი და ტყის ყომრალი ნიადაგებით. 3. საშუალო მთები – ტიპური და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებით. 4. სუბ-ალპური მდელოები მთა-მდელოს ნიადაგებით. 5. ალპურ მდელოთა მცირე ფრაგმენტები. რაიონის ტერიტორიაზე არის გოდერძის წყების უნიკალური გაქვავებული ტყე.

რაიონში მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო. ტყის ზონაში ბინადრობენ: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, მაჩვი, გარეული კატა, კვერნა, ციყვი, ტყის თაგვი. ბევრია ფრინველი – მწყერი, გვრიტი, კოდალა, შოშია, კაჭკაჭი, ბულბული და სხვა. მდინარეში არის – კალმახი, ქაშაყი, მურწა და სხვა.
ადიგენის რაიონი სამხრეთ საქართველოს, ისტორიული სამცხეს შემადგენლობაში შედიოდა. ამ მხარის მმართველებად იყვნენ მთავრები – ხურციძეები, რომელთა სამთავრო ცენტრადაც ითვლებოდა ჩორჩანი. შუა საუკუნეებში, იმ დროინდელი მოსახლეობა გადააგვარა და თითქმის გააქრო ოსმალეთის იმპერიის რამდენიმე საუკუნოვანმა ბატონობამ. სამხრეთ საქართველოში ოსმალოთა ბატონობის პერიოდში ადიგენის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ მკვიდრი ქართველი კათოლიკე–ქრისტიანები და გამაჰმადიანებული ქართველები, რომლებიც იმ დროისათვის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ, აგრეთვე ჩამოსახლებული მაჰმადიანები (ოსმალოები, ქურთები, თარაქამები და ა.შ.).

II მსოფლიო ომის შემდეგ ადიგენის რაიონში დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული იქნენ ქართველები, რაც შეეხება სომეხ და სხვა ეროვნების მქონე მოქალაქეებს რაიონის ტერიტორიაზე მიგრირებულნი არიან როგორც მეფის რუსეთის მმართველობის, ასევე საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში.

რაიონში ცხოვრობენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, კათოლიკე ქრისტიანები და მუსლიმანური რელიგიის მიმდევრები.

დაბა ადიგენი 1917 წლამდე შედიოდა ტბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში, 1917–1930 წლებში — ახალციხის მაზრაში, 1930 წლიდან კი ცალკე რაიონია. ადიგენს დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს.
ადიგენის მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 88 ისტორიული ძეგლია აღრიცხული. მათ შორისაა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთები, ციხე-კოშკები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლებია: ზარზმის მონასტერი, იჯარეთის მონასტერი, ჭულე, ოქროსციხე, ზანავის ციხე, ოძრხე. ბუნების ძეგლებია გოდერძის გაქვავებული ტყე და ბენარის ფაუნა.
ადიგენის რაიონში – მდინარე ძანძეს ხეობაში, გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზე, მდებარეობს მესამეული პერიოდის განამარხი ფლორა, რომელიც “გოდერძის ფლორის” სახელწოდებითაა ცნობილი. მესამეულ პერიოდში მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ფერფლში ჩამარხა ტროპიკული ტყე. ამ ტყის პალმები, მაგნოლიები და სხვა ხეები შემორჩენილია გაქვავებული სახით. ვულკანური მასის ქვეშ ღეროების და ფოთლების ანაბეჭდებია.

სოფელ ბენარასთან, ჩრდილოეთით, გზიდან 300 მეტრის მანძილზე, აღმოჩენილია განამარხი ფაუნა. ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე (სოფ. უდეს ტერიტორია) აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ტერასულად განლაგებული ნასოფლარები. გვხვდება ციხის ნანგრევებიც.
ისტორიული ძეგლები:
ინფორმაცია ვიკიპედიიდან:
მოსახლეობის რიცხოვნობა — 20 400 კაცი; სიმჭიდროვე — 26 კაცი კვ.კმ-ზე. ქალაქის მოსახლეობა 2348 კაცია, სოფლის მოსახლეობა 19284 კაცი. მათ შორის: 97 % – ქართველია, 1,7 % – სომეხი, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ რუსები, აფხაზები, ოსები.

1944 წელს მუსლიმი მესხების (28000 კაცი) გასახლების შემდეგ, საქართველოს სხვადსახვა კუთხეებიდან ადგიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლდნენ იმერლები (36%), რაჭველები (7%), აჭარლები (20%). ადგილობრივი მესხები შეადგენენ მოსახლეობის 32 %-ს.
ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია: ადიგენი, აბასთუმანი; არალი, ბენარა, ბოლაჯური, გორგული, ვარხანი, ზანავი, ლელოვანი, მლაშე, მოხე, უდე, ფხერო, ჩორჩანი, ჭეჭლა.

1, 149 კომენტარები
0

Related Posts