მთავარი გვერდი TOP თემა ეროვნული მოძრაობა ილია ჭავჭავაძედან ჯონდი ბაღათურიამდე

ეროვნული მოძრაობა ილია ჭავჭავაძედან ჯონდი ბაღათურიამდე

ბლოგერი: Lasha_Mebonia

„ქართულმა მარშმა“ დამაფიქრა….

როგორ მოხდა, რომ პატრიოტული თემატიკის აღზევება, რომელიც
მეცხრამეტე საუკუნეში ეროვნული თვითმყოფადობის
დაცვას უკავშირდებოდა, 2017 წელს ქართული სახელმწიფოს განვითარების წინააღმდეგ  შესაძლებელ საფრთხედ გადაიქცა?!

მტრის ხატს შევეშვათ, პიროვნული თავდასხმები კონტრპროდუქტიულია.
ალბათ უმჯობესია  დავფიქრდეთ ამ დაცემის მიზეზებზე
და საკუთარ შეცდომებზე….ასე რომ ექსკურსი წარსულიდან დავიწყოთ…..

ჯერ ერთი,  საწყის
ეტაპზევე  სერიოზული პრობლემები  წარმოიშვა….

საქართველოში
რუსული რეჟიმის მონური მორჩილება იმდენად უცებ შემოვიდა, თავადების დიდი ნაწილი  საზოგადო სიკეთის გამოვლინებაშიც კი დაინტერესებული
არ გახლდათ.

მეტიც, ლუარსაბ თათქარიძე მხოლოდ პერსონაჟი არაა, ეს
იყო ილიას მცდელობა თავად კოლეგებს  საკუთარი
მიუტევებელი კონფორმიზმი დაენახათ, რაც მათ
განადგურებას და თუნდაც ტფილისზე ქართული გავლენის შემცირებას იწვევდა.

ილიამ შეძლო
წარსულზე უაზრო გლოვა  საქმედ ექცია,
თუმცა არსებული სოციალური ფონი სხვა გამოწვევებსაც განაპირობებდა, რაც გახდა ქართული
სოციალ-დემოკრატიის განვითარების უმთავრესი მიზეზი.

შორს არ “გავფრინდები”, მხოლოდ ერთს ვიტყვი- სოციალ-დემოკრატიას
აკლდა ეროვნული პრობლემატიკის გააზრება, ხოლო თავადურ ეროვნულ-დემოკრატიას ჩამოყალიბებული
ხედვა ეკონომიკური რეალობის შეცვლის კუთხით. მასის გული კუჭზეც გადიოდა ანუ ე.წ ეროვნული იდეა  მაშინდელი ქართული ელიტის ვიწრო წრეს ბოლომდე ვერ
გაცდა.

საბჭოთა საქართველოში სწავლის ხელმისაწვდომობამ საზოგადოების
ევოლუციაც გამოიწვია. „ქართული იდეა“ იმპერიული მარწუხებისგან  მასობრივ, მორალურ თავშესაფრად ტრანსფორმირდა. ეროვნული
თავმოყვარეობა ვლინდებოდა სპორტში , კულტურაში,  ყოველდღიურ ყოფიერებაში. მუდმივი კონკურენცია და
კიდევ მეტი რუსული  ექსპანსიის შიში  გარემოს აცოცხლებდა, მაგრამ ჯინს ეკრძალებოდა ბოთლიდან
გამოსვლა.  ცენტრი კი  ვორონცოვისეულად  ნაციონალურ „უცნაურობებს“შეეგუა, თუ ზღვარს მიღმა
პროცესები არ გადავიდოდა….

რამდენჯერმე ბალანსი მაინც დაირღვა. საბოლოოდ 1956 წლის
მარტმა  საქართველოში იდეური ბოლშევიზმი მოკლა. წითელი სანახაობა ცოცხალი გახლდათ, მაგრამ რწმენა ამ სიწითლისადმი თვით საბჭოთა ნომენკლატურულ ოლიგარქიაში
0-ს ტოლია.

ამდენად 80-ნი წლების ბოლოს კონფლიქტი „ეროვნულსა“ და
„იმპერიულს“ შორის პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა, მაგრამ  ემოციამ ადეკვატურობა შთანთქა, ვერ განისაზღვრა
ცვლილებების მაშტაბურობის კონტექსტი და „სამშობლოს „ საკითხი პრიმიტიულ სადღეგრძელოდ
ვაქციეთ.

ეროვნული მოძრაობა უპირობოდ  პროგრესული ტენდენციას მოიცავდა. გასაკვირი არაა
პოლიტიკური კულტურის უსუსტესი დონეც- ეს ხომ თოთო ბავშვის პირველი ნაბიჯებია და ახლანდელი
გადასახედიდან  კრიტიკა უფრო მარტივია, ვიდრე  იმ პერიოდის იმპულსების სწორი  აღქმა.

სამწუხაროდ თავისუფლების იდეა ყოყლოჩინობამ გაანადგურა.
თათქარიძეებმა კი ილია ილიას სახელით  მოკლეს,
როცა ის  საქმის, შენების მოტივატორად კი არ
იქნა გამოყენებული, არამედ ფსევდოპარტიების ფორმირების  პოსტბოლშევიკურ ტრაფარეტად.

უშიშროების დიდი დახმარებით, საეჭვო ელემენტებმა კონფლიქტები
მარტივად გააღვივეს. არ აღმოგვაჩნდა ელემენტარული იმუნიტეტიც კი საფრთხეები გვეგრძნო.
ეროვნული მოძრაობა გადაიქცა სამარცხვინო, უზნეო დაპირისპირების პოლიგონად, რაც აშკარად
და თითქმის ნებაყოფლობით კრემლიდან იმართებოდა

22 დეკემბერს ჩვენ დავამხეთ დამოუკიდებელი საქართველო.
ეს გავაკეთეთ  ქართული დროშებით, „საქართველო,
საქართველოს“ ძახილით, მიუტევებელი სამხედრო პუტჩით, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის
ოჯახს ძვირად დაუჯდა და თუ ჯონდი ბაღათურიებამდე დახურდავდა პატრიოტიზმი, ესაა მთელი
იმ პერიოდის პოლიტიკური ჯგუფების ბრალი, ვინც  დაპირისპირება იარაღამდე მიიყვანა.

ნომენკლატურის რევანში წმინდა სოციალური მოვლენაა- ძველმა
კასტამ არ დაუშვა ახლის შექმნა, ხოლო ახალი პრიმიტიული სადღეგრძელოებით უძლური აღმოჩნდა
რევანშიზმის წინაშე. ნაწილი ნომენკლატურულ ელიტას შეერწყა, ე.წ ზვიადისტები კი პოლიტიკურად
განადგურდნენ.

რევანშისტებიც ილიას სახელით მანიპულირებდნენ. ის თეთრ
ცხენზე ამხედრებულ რაინდად აქციეს წმინდანის მანტიით და მას მოაკლეს უნიკალური სული,
რომელიც ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის საქმეებს შთაბერა. ილია დაატყვევა ელიტამ
და კლეპტოკრატიის სიმბოლად შესანიშნავად იქნა გამოყენებული.

დეფორმირებული „ეროვნულობა“ ეროვნულმა მოძრაობამ გამოძერწა
თავისი  უსუსურობით, ხოლო ნომენკლატურამ დროშა
თავისთვის დაიტოვა.

მე არ შევუდგები
ელიტების კრიზისის თემის განხილვას. ეს ცალკე დრამაა. მინდოდა მხოლოდ დეფორმაციის  გენეზისამდე  აზრი გამომეხატა

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პერიოდში
უკვე შერყეულია ე.წ  ეროვნული იდეა. ამ მხრივ
გასაგებია სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფის გაძლიერაბაც,რაც
ცუდი მოვლენა ნამდვილად არაა, მაგრამ რელიგიური ფანატიზმის უკონტროლო მიშვების კონტექსტში  გარე ძალები ღიად ცდილობენ  ეკლესია თავზე დაგვამხონ , ხოლო „ეროვნული თავმოყვარეობა“
ჩვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

ხაზგასმით უნდა ითქვას, ე.წ ლიბერასტების, სოროსის,
მასონების, დალესის დოქტრინის, ჩიპების და ათასი უცნაურობების ინექცია გარედან ხდება.
დეფინიციებიც კი რუსულ შაბლონებს ემყარება. გამოჩნდნენ ახალი მესიები, ვინც კარგად
გრძნობს პატრიოტიზმის დროშიდან ბენეფიტებს, ხოლო რეალობა არის მარტივი- ბედაურნი დაიხოცნენ,
ვირებს დარჩათ მოედანი. ვინც  ვერ იბედაურა,
სხვა თემაა, ვირები რომ გაბედაურდნენ- ეროვნული დრამა!! თემა, რომელზეც თვალის დახუჭვა
არ შეიძლება.

გვჭირდება პატრიოტიზმი?

აუცილებლად, ჩვენ უნდა გვიყვარდეს საკუთარი ოჯახი, გარემო,
პატივს ვცემდეთ სხვას, ვიყოთ ურთიერთსოლიდარულები, დავიცვათ ის ფასეულობანი, რაც უნივერსალურია,
თუმცა სტუმართმოყვარეობა ერთ-ერთი ის ფუნდამენტია, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. მიგრაციის
კონტროლიც სავალდებულოა. ეს ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ისე როგორც არსად ადგილობრივი
სტუმარს თავზე არ იჯენს  .

სამართლებრივი ბალანსისათვის ამ შემთხვევაში ველოსიპედის
გამოგონება საჭირო არაა,  არსებობს არბიტრი-
კანონი, სასამართლო, პოლიცია!!!

„ეროვნულები“
ესაა ანომალია. არჩევნებამდე მათ გააქტიურებას შემთხვევითობას ვერ მივაწერთ. როგორც
ჩანს, ვიღაცეებს ან ხელისუფლებასთან ვაჭრობა უნდათ  და შესაძლოა, მეორე ტურისთვის დახმარების სერვისი
შესთავაზონ  ან ნელ-ნელა  ოცნების მყიფე  ნავის ჩაძირვა ელანდებათ  ახლის შეცვლით.

“ეროვნულები” კარგად იყენებენ  სკეპტიციზმს. მის საფუძველზე ქმნიან მტრის ხატს
და თუ მოროშკინას , ბაღათურიას და სხვა  უცნაურობების ტექსტებს მოვუსმენთ, ისინი ისეთივე საქართველოს პატრიოტები არიან, როგორც ვლადიმერ
ვლადიმეროვიჩი. რუსეთს შიდა ქართულ პოლიტიკაში არ შეიძლება ადგილი მივცეთ. მით უფრო,
საეჭვო რეპუტაციის ხალხი თეთრ ცხენზე შევსვათ.

ვფიქრობ, ეროვნული მოძრაობის უკიდეგანო ხარვეზები აუცილებლადაა
გასაანალიზებელი, რაც ჩემი, როგორც დილეტანტი ბლოგერის დონეს ცდება. სასურველია,
საღად მოაზროვნე ეროვნულ-დემოკრატიის (ზოგადად ვგულისხმობ და არა ედპს)  ყველა ტიპის ნარჩენების კონსოლიდირების ბაზაზე  ახალი პლატფორმის ფორმირება და ახალგაზრდობის იმ
ნაწილის დაინტერესება, ვისაც რუსეთის აგენტურა სიბნელის ადეპტებად აქცევს. შესაძლებელია
“ეროვნულებს” გამოტაცოთ არააგენტურული ლიდერები თუ ჯგუფები. უნდა გაერთიანდნენ ე.წ
კონსერვატორები, ზვიადისტები და ა.შ  ერთიან
ბაზაზე.
ამ ტიპის პოლიტიკური ძალის აღზევება
იქნება დიდი დარტყმა ფსევდოეროვნულების წინააღმდეგ. ნუ გეშინიათ ბატონებო, იმოქმედეთ, ეცადეთ გადალახეთ ვიწროჯგუფური ბარიერები.  დიახ, მე გგულშემატკივრობთ იმისთვის, რომ ეს ნიშა
შეივსოს შიდა ძალებით. არაა ეს ოცნება,აუცილებლობაა თქვენს გადასარჩენად.

მემარცხენეებმა კი სასურველია გადახედონ თავიანთ დამოკიდებულებას
პატრიოტიზმის მიმართ. სრული ნიჰილიზმი არ იძლევა საშუალებას მასაზე გახვიდეთ. არაა
საჭირო სადღეგრძელოები, ქართული  ურთიერთსოლიდარობა
ახლოსაა მემარცხენე სულისკვეთებასთან, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას განიჭებთ.

ლიბერალები?
გასაგებ ენაზე საუბარი ე.წ ქართველი ლიბერალების უმთავრესი პრობლემაა. ამ ტიპის
ძალებსაც ესაჭიროებათ ერთიანი პლატფორმა

რაც შეეხება არსებულ ელიტას და კონტრელიტას, თქვენ ისეთივე
სიმახინჯე ხართ, როგორც „ეროვნულები“ …ოღონდ ეს სხვა ოპერაა და ამ შემთხვევაში მხოლოდ
ამ ერთი წინადადებით შემოვიფარგლები……

 

#პოლიტიკა #ეროვნულები

0 კომენტარი:
0

Related Posts